რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტები კონტრშეტევების შესაჩერებლად ხიდებს აფეთქებენ – უკრაინა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევების შესაჩერებლად ხიდებს აფეთქებენ.

გენერალური შტაბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ხარკოვის აღმოსავლეთი, ცირკუნისა და რუსკი ტიშკის ტერიტორიაზე, "ოკუპანტებმა ააფეთქეს სამი საგზაო ხიდი, რათა შეანელონ თავდაცვის ძალების კონტრშეტევითი მოქმედებები". 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით რამდენიმე სოფელი დაიბრუნეს.  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები