რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინისთვის დამატებით $150 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოყოფს

ჯო ბაიდენი
The White House

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. შეერთებული შტატების მაღალჩინოსნის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი $150 მილიონის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს. მათ შორის, 25000 155 მმ-იან საარტილერიო ტყვიას, კონტრსაარტილერიო რადარებს, სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობასა და სათადარიგო ნაწილებს.

"აშშ უკრაინის მამაცი მოსახლეობის მხარდაჭერას განაგრძობს, რადგან ისინი რუსეთის აგრესიისგან საკუთარ ქვეყანას იცავენ". -  თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ამასთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის არამხოლოდ $33-მილიარდიანი დახმარების გამოყოფა, არამედ რუსი ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევა და რუსეთის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც სთხოვა.

აშშ-მ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინას ჯამურად 3.4 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა.

უკანასკნელი სამხედრო დახმარება აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 21 აპრილს დააანონსა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო, თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინას 3.4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. Switchblades-ისა და ახალი Phoenix Ghost-ის გარდა, აშშ-მ უკრაინას მიაწოდა Stinger-ის საზენიტო რაკეტები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Mi-17 ვერტმფრენები, Humvee-ის ტიპის შეჯავშნული მანქანები, მილიონობით ჭურვი და ყუმბარა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები