რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მხარს არ ვუჭერ" – ენდი მარი რუსი ჩოგბურთელებისთვის უიმბლდონის აკრძალვაზე

"არ ვუჭერ მხარს ჩოგბურთელების დაბლოკვას" - მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნის, ენდი მარის თქმით, ის მხარს არ უჭერს რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელებისთვის უიმბლდონის ტურნირზე გამოსვლის აკრძალვას.

მარის თქმით, ტურნირზე ჩოგბურთელების იმ პირობით დაშვებამ, რომ მათ ხელი უნდა მოაწერონ ომისა და რუსეთის რეჟიმის საწინააღმდეგო დოკუმენტს, შესაძლოა, მათი ოჯახები საფრთხეში ჩააგდოს.

"ინსტრუქციები შემდეგნაირად გავიგე, რომ რუსებსა და ბელარუსებს შეეძლებოდათ თამაში, თუ ისინი ხელს მოაწერდნენ ომისა და რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო დოკუმენტს. არ ვიცი, რამდენად კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, შედეგად, რომ რომელიმე სპორტსმენს, ან მის ოჯახს რამე დამართნოდა". - თქვა ჩოგბურთელმა.

ენდი მარი, რომელიც 2022 წლის ბოლომდე ტურნირებში მოგებულ თანხას უკრაინელ ბავშვებს გადაურიცხავს, ამბობს, რომ ის ცუდად გრძნობს თავს იმ ჩოგბურთელების გამო, რომლებსაც ტურნირზე ასპარეზობა შეეზღუდათ.

"არ მგონია, რომ არსებობს სწორი პასუხი. მე ველაპარაკე რამდენიმე რუს სპორტსმენს. ასევე, ველაპარაკე უკრაინელ სპორტსმენებსაც. ცუდად ვგრძნობ თავს იმ მოთამაშეების გამო, რომლებიც ტურნირზე არ დაიშვებიან და მესმის, რომ მათთვის ეს უსამართლობად გამოჩნდება". - თქვა მან.

უიმბლდონის გადაწყვეტილების წინააღმდეგები არიან პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და მეოთხე ჩოგანი, რაფაელ ნადალი. ისინიც რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელებისთვის ტურნირზე გამოსვლის აკრძალვას უსამართლოდ მიიჩნევენ.

უიმბლდონი ოთხი გრანდ სლემიდან ერთ-ერთი, პრესტიჟული ჩოგბურთის ტურნირია. 2022 წლის უიმბლდონი 27 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება. 20 აპრილს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, უიმბლდონის ტურნირზე რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს არ დაუშვებენ. 

კომენტარები