რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კობახიძე უკრაინის დაზვერვაზე: მორიგი განცხადება ვიხილეთ, რომელიც ფაქტებს არ ეფუძნება

ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ "სამწუხარო" უწოდა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსეთი საქართველოსთან რეექსპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. კობახიძის თქმით, საქართველო სანქციებს არ დააწესებს, თუმცა არც მათი გვერდის ავლისთვის იქნება გამოყენებული.

"ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ფაქტების გარეშე ვრცელდება ასეთი განცხადება უკრაინის ხელისუფლების მიერ. ამასაც აქვს ძალიან მარტივი მიზეზი – ადამიანები აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლებაში. ასეთ დროს ამგვარი ინტერესი არსებობს და სამწუხაროა, რომ მორიგი ასეთი განცხადება ვიხილეთ, რომელიც არცერთ ფაქტს არ ეფუძნება. არცერთი ფაქტი არ იყო წარმოდგენილი, შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ უკრაინის მხარეს, რომ სხვანაირი პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ხალხებს შორის. მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ, რომ გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს.

[...] სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება არის ძალიან მკაფიო, კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ არ დავაწესოთ სანქციები, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული გვერდის ავლისთვის". – თქვა კობახიძემ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი ცდილობს სხვა ქვეყნების დახმარებით ეკონომიკური სანქციებს თავი აარიდოს. დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ მოსკოვი რეექსპორტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან. უწყების ინფორმაციით, ორასამდე კომპანია უკვე დაარსდა ამ სამ ქვეყანაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები