რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ახალმა ზელანდიამ 170 რუს სენატორსა და 6 კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, ახალმა ზელანდიამ 170 რუს სენატორს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრებს სანქციები დაუწესა. სანქციები აგრეთვე შეეხო თავდაცვის სექტორის 6 კომპანიასაც. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნანაია მაჰუტამ გაავრცელა.

"ახალი ზელანდია ახალ სანქციებს უწესებს რუს პოლიტიკოსებსა და თავდაცვის სექტორის კომპანიებს, რომლებიც უკრაინაში პუტინის ქმედებებს მხარს უჭერენ. ჩვენი მიზანია, რომ ამ დანაშაულებისთვის ყველა პასუხისმგებელმა პირმა პასუხი აგოს". - წერია ახალი ზელანდიის მთავრობის განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, თავდაცვის სექტორის რომელ 6 კომპანიას შეეხება სანქციები.

აღსანიშნავია, რომ ახალმა ზელანდიამ რუსეთის უმსხვილესი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ ახალი სანქციები გასულ თვეშიც დააწესა.საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციები ცენტრალურ ბანკსა და სახელმწიფო სიმდიდრის ფონდს შეეხო. ასევე, სანქცირებულთა სიაში რუსეთის რვა უმსხვილესი ბანკი მოხვდა.

გარდა ამისა, ახალმა ზელანდიამ მოგზაურობაზე სანქციები დააწესა რუსი თანამდებობის პირების მიმართ, ასევე, აკრძალა საქონლის ექსპორტი რუსი სამხედრო და უსაფრთხოების ძალებისთვის.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები