რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა აზოვსტალის ქარხნის დაბომბვა განაახლა – უკრაინელი სამხედრო

Alexander Ermochenko/Reuters

1 მაისს ცეცხლის შეწყვეტისა და მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 100-მდე ადამიანის ევაკუაციის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ქარხნის დაბომბვა განაახლეს. ამის შესახებ მარიუპოლში მებრძოლი მე-12 ბრიგადის მეთაურმა, დენის შლეგამ უკრაინულ ტელევიზიასთან ისაუბრა.

მისის თქმით, რუსული ჯარი აზოვსტალზე შეტევისას "ყველა სახის იარაღას" იყენებს.

ჯერჯერობით, გაურკვეველია, შეუქმნის თუ არა საფრთხეს განახლებული დაბომბვა აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუაციის შემდეგ ეტაპს, რომელიც 2 მაისს უნდა დაიწყოს.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნის სარდაფებს თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო აფარებს. გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ქარხანას უწყვეტად უტევდნენ. Maxar Technologies-ის სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ აზოვსტალის ქარხნის თითქმის ყველა შენობა განადგურებულია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები