რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილია

სერგეი ლავროვი
Vijesti

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმება მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილია, რომელიც "რთულად", მაგრამ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

"ამჟამად, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ვიდეოკონფერენციის საშუალებით, შესაძლო ხელშეკრულების პროექტს ყოველდღიურად განიხილავენ". - თქვა ლავროვმა ჩინეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო Xinhua-სთან ინტერვიუში. 

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში "დენაციფიკაციის, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარებისა" და სანქციების მოხსნის შესაძლებლობებს განიხილავენ. 

"ჩვენ მომხრე ვართ მოლაპარაკებების გაგრძელების, თუმცა ეს რთულია". - დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიოს ქვეყნებს რუსეთს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ასევე, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანქციების მოხსნა არ შეიძლება მოლაპარაკებების ნაწილი იყოს. 

დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესეს. სანქციების ფარგლებში, რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტისა და ოქროს რეზერვების ნახევარი გაყინულია, რის გამოც, ამჟამად მოსკოვი ეროვნული დეფოლტის ზღვარზეა. 

კომენტარები