რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის გეგმაზე მუშაობა გრძელდება – გუტერეში

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციის გეგმაზე მუშაობა გრძელდება.

"ეს ძალიან რთული ოპერაციაა. პუტინი, პრინციპში, დათანხმდა და შეთანხმებული იყო, რომ დეტალები განიხილებოდა იმ შეხვედრებზე, რომლებიც ამჟამად მიმდინარებს. [...] ეს ოპერაცია განსაკუთრებით დელიკატურია, რადგან საქმე გვაქვს არა იმ ადამიანების ევაკუაციასთან, ვინც საკუთარ სახლებში ან საჯარო სივრცეებში არიან, არამედ ადამიანებთან, რომლებიც, ასე ვთქვათ, ბუნკერში იმყოფებიან მართლაც დრამატულ პირობებში. ჩვენი მიზანი იყო ეს ოპერაცია პარასკევს განხორციელებულიყო, თუმცა, ბუნებრივია, რომ შესაბამისი პირობები უნდა არსებობდეს". – თქვა გუტერეშმა.

26 აპრილს, ვლადიმირ პუტინისა და ანტონიო გუტერეშის შეხვედრის შემდეგ გაერომ გაავრცელა განცხადება, რომ პუტინი "პრინციპში" დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართულობას მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შეხვედრაზე არ მიღწეულა კონკრეტული შეთანხმება მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართვის შესახებ.

მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გუტერეში უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, სადაც ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ბოლო ცნობებით, აზოვსტალის ქარხანაში, დაახლოებით, 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი სამხედრო იმყოფება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები