ეკონომიკური ზრდა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 10.6%-ით გაიზარდა, I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა კი, 14.4%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა.

2021 წელი ქვეყანამ მშპ-ს 10.4%-იანი ზრდით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს დაფიქსირებული შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. 

2021 წლის ბოლოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ "2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკურ ზრდა. ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა მომავალ წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება".

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2022 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა შენელდება და ორნიშნა მაჩვენებლიდან 5-5.5%-მდე შემცირდება. 

თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 მარტს განაცხადა, რომ "დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4%-ის ფარგლებში იქნება".

კომენტარები