რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე მიიწვიეს

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ დიდი ოცეულის (G20) სამიტზე მიიწვია. ზელენსკიმ ვიდოდოს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლიერი ვარ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, განსაკუთარებით, გაეროში მკაფიო პოზიციისთვის. განვიხილეთ სასურსათო უსაფრთხოების საკითხები. ვაფასებ ჩემს მიწვევას G20-ის სამიტზე". – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

G20-ის სამიტი 2022 წლის ნოემბერში ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართება. უკრაინა დიდი ოცეულის წევრი არ არის.

G20-ის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ მოითხოვა რუსეთისა და ვლადიმირ პუტინის გარიცხვა ლიდერთა სამიტიდან, თუმცა ინდონეზია მოთხოვნას შეეწინააღმდეგა და მას "ნაადრევი" უწოდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები