რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დასავლეთის ქვეყნები რუსეთის G20-ში ყოფნას ეწინააღმდეგებიან

Mast Irham / Pool via REUTERS

დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის დიდი ოცეულიდან გარიცხვას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ რუსეთის პირდაპირი გამორიცხვის ნებისმიერ მცდელობას ვეტოს დაადებენ ალიანსის სხვა წევრები, მაგალითად: ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი.

"თუ რუსეთი დარჩება წევრად, ორგანიზაცია ნაკლებად სასარგებლო იქნება" - აღნიშნა დიდი შვიდეულის, G7-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ურთიერთობების დათბობის პერიოდში G7 გაფართოვდა და ახალ G8 ფორმატად იქცა, რომელშიც შედიოდა რუსეთი 2000-იანი წლების დასაწყისში. თუმცა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, მოსკოვს ალიანსში წევრობა განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ვარშავამ აშშ-ის ოფიციალურ პირებს რუსეთის დიდი ოცეულის ფორმატიდან გარიცხვა შესთავაზა, რასაც "დადებითი გამოხმაურება მოჰყვა". თუმცა, გამოცემასთან G7-ის წყარომ აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ინდონეზია, რომელიც ამჟამად G20-ს ხელმძღვანელობს, ან ისეთი წევრები, როგორიცაა ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ჩინეთი, დათანხმდნენ რუსეთის ჯგუფიდან გარიცხვას. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები