რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"უკრაინას სჯერა, რომ გამარჯვება შეუძლია, ისევე, როგორც ყველას აქ" – ოსტინი 40 ქვეყნის შეხვედრაზე

Michael Probst/AP

აშშ-მ გერმანიაში უკრაინის თავდაცვის მოლაპარაკებებს უმასპინძლა, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. მოლაპარაკებების ფარგლებში, მოკავშირე ქვეყნებმა უკრაინის მძიმე იარაღით აღჭურვის საკითხი განიხილეს.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, კიევში ვიზიტის შემდეგ, სადაც იგი ზელენსკის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერას დაჰპირდა, ღონისძიება რამშტეინის საჰაერო ბაზაზე გამართა.

"როგორც ვხედავთ, ქვეყნები მთელი მსოფლიოდან ერთხმად ვთანხმდებით, მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის იმპერიული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

უკრაინას უპირობოდ სჯერა, რომ გამარჯვება შეუძლია, ისევე, როგორც ყველას აქ.

უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობამ თავისუფალი სამყარო შთააგონა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კი რუსული ძალები რეალობის წინაშე დაუცველი გახადა". - თქვა ლოიდ ოსტინმა. 

შეხვედრაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა თქვა, რომ გერმანია უკრაინას მძიმე იარაღს პირველად გადასცემს. კერძოდ, გერმანია უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილ 50 ტანკს მიაწვდის.  

ხოლო, პენტაგონის უმაღლესმა გენერალმა, მარკ მილიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მთავარი მიზანი კიევისთვის სამხედრო დახმარების სინქრონიზაცია და კოორდინაციაა.

"შემდეგი რამდენიმე კვირა ძალიან, ძალიან კრიტიკული იქნება. მათ [უკრაინელებს] ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად უწყვეტი მხარდაჭერა დასჭირდებათ. სწორედ ეს არის ამ კონფერენციის მიზანიც". - თქვა მარკ მილმა

ამის გარდა, ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლებიც Reuters-ის ანონიმური წყაროები არიან, ამბობენ, რომ რუსეთი ომის მეორე ფაზაში უმეტესწილად საარტილერიო დარტყმებსა და საჰაერო თავდასხმებს დაეყრდნობა. 

ისინი ვარაუდობენ, რომ ბევრი რუსული ქვედანაყოფი ამოწურულია, ზოგიერთი მათგანი 30%-მდე პერსონალის დანაკარგის ფონზე აგრძელებს ფუნქციონირებას. აშშ-ს სამხედროების აზრით, ეს დანაკარგები ზედმეტად დიდია ბრძოლის ეფექტიანად გაგრძელებისთვის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".

კომენტარები