დნესტრისპირეთი

სეპარატისტულ დნესტრისპირეთში რადიოგადამცემი ხაზები ააფეთქეს

26 აპრილს, გამთენიისას მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, გრიგორიოპოლის რაიონის, სოფელ მაიაკში ორი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აფეთქებების შედეგად მაიაკში ანტენები დაზიანდა, საიდანაც რუსული რადიოსადგურების მაუწყებლობა ვრცელდებოდა (PRTC).

შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები გაგზავნეს. გრიგორიოპოლის პოლიციამ მაიაკის რადიო-სატელევიზიო ცენტრის ტერიტორიას ალყა შემოარტყა. ამასთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს მესაზღვრეებმა PRTC-ის ყველა ობიექტის შემოწმება დაიწყეს.

PRTC-ის თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებლები არ დაშავებულან. ხსენებული რადიოსა და ტელევიზიის ცენტრი ყოფილი სსრკ-ის 14 რადიოგადამცემი ცენტრიდან ერთ-ერთია.

25 აპრილს მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები დგას, ქალაქ ტირასპოლში ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.

ადგილობრივი მედიების ინფორმაციით, შენობის შემოგარენში იპოვეს ყუმბარმტყორცნი, რომლიდანაც, შესაძლოა, ე.წ. სამინისტროსთვის ესროლათ. 

შენობიდან გამოდიოდა ბოლი და ფანჯრები ჩამსხვრეული იყო. არ არის ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ.

სამი დღის წინ, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა სვერდლოვსკის რეგიონის თავდაცვის მრეწველობის კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნები დაასახელა. მიზნებში ნახსენები იყო დნესტრისპირეთთან სახმელეთო დერეფნის შექმნა.

"უკრაინის სამხრეთზე კონტროლი – ეს კიდევ ერთი გზაა დნესტრისპირეთისკენ,  სადაც ასევე ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები. როგორც ჩანს, ახლა მთელ მსოფლიოს ვეომებით, როგორც დიდ სამამულო ომში იყო, მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ახლაც ასეა, მათ რუსეთი არასდროს ჰყვარებიათ". – ამბობდა მინეკაევი.

1990-1992 წლებში მოლდოვაში მიმდინარეობდა დნესტრისპირეთის ომი. დაძაბულობამ პიკს 1992 წელს მიაღწია, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და გამოცხადებული იყო მოლდოვის რესპუბლიკა. ომი სამშვიდობო შეთანხმებით ამავე წელს დასრულდა.

დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 გვარდიული არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება.

კომენტარები