რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: საქართველოში ელჩს დავაბრუნებთ, როგორც კი ვიგრძნობ ლიდერებისგან მხარდაჭერას

president.gov.ua

"ჩვენ დავაბრუნებთ ელჩს საქართველოში, როგორც კი ვიგრძნობთ ხელისუფლების ლიდერების მხრიდან მხარდაჭერას". – ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვას.

ზელენსკიმ თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

"არ მესმის თქვენი სახელმწიფოს ლიდერების პოზიცია. მე არ ვარ მასწავლებელი, თქვენი ლიდერები არ არიან მოსწავლეები. ისინი ზრდასრული ადამიანები არიან. არ მესმის, რის გამო არ დაწესდა სანქციები. მოვისმინე, რომ ამის მიზეზად ეკონომიკის დაცვას ასახელებენ. რა ეკონომიკა? მათ [რუსებმა] უკვე დაიკავეს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, თითქმის მიაღწიეს თბილისს". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინაში მოხალისედ წასვლის მსურველებისთვის ჩარტერული რეისის გაუქმებისა და სანქციებზე "ამორალური პოზიციის" გამო პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი 1 მარტს კონსულტაციებისთვის, ხოლო 31 მარტს საბოლოოდ გაიწვია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ არ აპირებენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები