უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოკავშირეები საბოლოოდ უკრაინას აწვდიან იარაღს, რომელსაც კიევი ამდენი ხნის განმავლობაში ითხოვდა და მან, ასევე, დასძინა, რომ იარაღი ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეუწყობს ხელს.
აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში მზარდი შეტაკებების გასამკლავებლად აშშ-ს სამხედრო დახმარების ახალი, $800-მილიონიანი ღირებულების პაკეტი მოიცავს მძიმე საარტილერიო აღჭურვილობას, 144 000 ჭურვსა და დრონებს. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ გაგრძელდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება.
ამასთანავე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას MILAN-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემასა და CAESAR-ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს მიაწვდის.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".





