რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორის ჯონსონის თქმით, ომი უკრაინაში მომავალი წლის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა პასუხისას კითხვაზე - ეთანხმება თუ არა სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციას, რომ ომი უკრაინაში სავარაუდოდ მომავალი წლის ბოლოს დასრულდება, აღნიშნა "არსებობს ამის რეალური შესაძლებლობა". 

"პუტინს უზარმაზარი არმია ჰყავს. [მაგრამ] მას აქვს ძალიან რთული პოლიტიკური პოზიცია, რადგან კატასტროფული შეცდომა დაუშვა". - თქვა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა. 

ბორის ჯონსონმა ასევე დასძინა, რომ როგორც არ უნდა ეცადოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სამხედრო უპირატესობის გამოყენებას და ჯარის საზღვართან მობილიზებას, ვერ შეძლებს "უკრაინელი ხალხის მდგრადობის გატეხას".

15 აპრილს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ევროპელ მოკავშირეებს უთხრა, რომ აშშ-ს სწამს, რუსეთის უკრაინაში შეჭრა 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მანამდე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ბრძოლა "თვეები, მეტი ხანიც შეიძლება გაგრძელდეს".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები