რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ნიანგთან ურთიერთობას ჰგავს, როცა შენი ფეხი ყბაში აქვს" – ჯონსონი პუტინთან მოლაპარაკებაზე

Chris J. Ratcliffe/Bloomberg/Getty Images

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებას ნიაგნთან მოლაპარაკებას ადარებს.

ჯონსონის თქმით, პუტინთან ურთიერთობა ჰგავს ნიანგთან ურთიერთობას, "რომელსაც შენი ფეხი ყბებში აქვს". მისივე სიტყვებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დასავლეთმა უკრაინის შეიარაღება განაგრძოს.   

ჯონსონის თქმით, რთულია იმ გზის დანახვა, თუ როგორ შეძლებენ უკრაინელები პუტინთან მოლაპარაკებას მისი აშკარა არაკეთილსინდისიერების პირობებში. 

"მისი [პუტინის] სტრატეგია აშკარაა -  ცდილობს, მოიცვას და დაიპყროს უკრაინის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და, შესაძლოა, გამართოს რაიმე სახის მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან". - ამბობს ბორის ჯონსონი. 

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ჰუმანიტარული დერეფნების საკითხი მრავალჯერ განიხილეს, თუმცა, უკრაინის ინფორმაციით, ოკუპანტები შეთანხმებას არღვევენ და ხშირად ქალაქებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვენა ვერ ხერხდება.  

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები