რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვის სეიმმა გეორგიევსკის ლენტისა და Z და V სიმბოლოების აკრძალვას მხარი დაუჭირა

ლიტვის სეიმმა გეორგიევსკის ლენტის, ასევე სიმბოლოების: Z და V საჯაროდ დემონსტრირება აკრძალა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 124-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 წინააღმდეგი იყო, 2-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

აღნიშნული სიმბოლოების საჯაროდ გამოყენების შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 300-დან 700 ევრომდე იქნება, იურიდიული პირებისთვის კი 1 200 ევრო. ხოლო განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკურ პირებს 500-დან 900 ევრომდე თანხის გადახდა მოუწევთ, იურიდიულ პირებს კი 800-დან 1 500-მდე ევროსი.

კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ამ გადაწყვეტილებას ხელს ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა მოაწერს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, Z "გამარჯვებისთვის" ნიშნავს, ხოლო V გამოხატავს ფრაზას: "სიმართლე ძალაა" ან "დავალება შესრულდება".

ლიტვამდე, აღნიშნული სიმბოლოების გამოყენება ლატვიამ და მოლდოვამაც აკრძალეს, იქამდე კი შვეიცარიულმა სადაზღვევო კომპანიამ Zurich Insurance სოციალურ ქსელებში თავისი ლოგო "Z" ამოიღო.

კომენტარები