რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონია უკრაინას ქიმიური იარაღისგან დამცავ საშუალებებსა და დრონებს გაუგზავნის

იაპონიის თავდაცვის ძალების წევრები აირწინაღებით
Japan Times

იაპონიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი, კიევის თხოვნის პასუხად, უკრაინას ქიმიური იარაღისგან დასაცავად აირწინაღებსა და სპეციალურ ტანსაცმელს, ასევე არასამხედრო დრონებს გადასცემენ.

"გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობისთვის დახმარების გაწევას იქამდე, სადამდეც შესაძლებელია". – თქვა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ნობუო კიშიმ. 

გასულ თვეში იაპონიამ უკრაინას გაუგზავნა ჩაფხუტები, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და სხვა აღჭურვილობა.

ქიმიური თავდაცვის საშუალებებს სხვადასხვა ქვეყნები უკრაინას რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხის ფონზე უგზავნიან. 

მართალია, იაპონიის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილ ახალ პაკეტში შემავალი დრონები სამხედრო წარმოების არაა, თუმცა მსგავს მაღალი ხარისხის უპილოტო საფრენ აპარატებს საომარ სიტუაციებში სხვადასხვა ფუნქციებით, მათ შორის, დაზვერვის მიზნით იყენებენ.

უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე უკვე დიდი ხანია, რაც აშშ და დიდი ბრიტანეთიც საუბრობენ. გასულ თვეებში ამ ქვეყნების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რუსეთი, შესაძლოა, ქიმიური იარაღის გამოყენებით გეგმავდეს ოპერაციას ცრუ დროშის ქვეშ, რომელსაც შემდეგში უკრაინულ მხარეს დააბრალებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები