რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ლუგანსკის ოლქის უკრაინისგან მოკვეთა სურთ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ ლუგანსკის ოლქის უკრაინისგან მოკვეთასა და უკრაინელი სამხედროების სრულად იზოლირებას. 

"ეს არის რუბეჟნოიე, პოპასნაია, სევეროდონეცკი. მათ დღეს კრემენნაია გამოაცხადეს აღებულად, რეალურად კი არაფერიც არ აუღიათ, ჩვეულებრივი ქუჩის დაპირისპირებაა. მათ უნდათ ის აიღონ, რათა ნახსენები ქალაქები მოკვეთონ "დიდი მიწისგან". ეს არის ლუგანსკის ოლქის ნაწილი, რომლის მოჭრაც სურთ და ასევე ჩვენი სამხედროების იზოლირება და ოპერატიული გარშემორტყმა. მეორე მიმართულება იზიუმიდან ლუგანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით". – თქვა არესტოვიჩმა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბრძოლა დონბასისთვის ახლა მიმდინარეობს.

მისი კომენტარი მოჰყვა სხვა მაღალი თანამდებობის პირების გაფრთხილებას, რომ რუსეთმა დაიწყო მოსალოდნელი თავდასხმა აღმოსავლეთ რეგიონზე.

"ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს დონბასისთვის ბრძოლა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ. რუსული არმიის დიდი ნაწილი ამ შეტევაზეა ფოკუსირებული". - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მანამდე, ზელენსკის შტაბის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ "ომის მეორე ეტაპი დაიწყო". იერმაკმა თანამემამულე უკრაინელებს Telegram-ის  მეშვეობით მიმართა - "გჯეროდეთ ჩვენი არმიის, ის ძალიან ძლიერია". 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები