რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ: ბოლო თავდასხმებიდან ჩანს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას აწარმოებს

ნედ პრაისი
Photo by Patrick Semansky / POOL / AFP

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, ბოლო დღეებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმებიდან ჩანს, რომ რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას აწარმოებს.

"ის ფაქტი, რომ რუსეთმა, არა მხოლოდ შეჭრა წამოიწყო, არა მხოლოდ ომი წამოიწყო, არამედ ის აწარმოებს ტერორის, სისასტიკისა და საზიზღარი აგრესიის კამპანიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ უკანასკნელ საათებში ვნახეთ და ასევე ლვოვზე და კიევის გარეუბნებში თავდასხმის კონტექსტში, ან, რაც ვნახეთ ქალაქებში, როგორიც არის მარიუპოლი და ხარკოვი, რისი მომსწრეც ჩვენ ვიყავით ბუჩაში, ეს არის აშკარა ნიშნები და აშკარა მოწმობა ტერორისა და სისასტიკის კამპანიის, რომელსაც რუსები აწარმოებენ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ". – ამბობს პრაისი

18 აპრილს რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმებს ლვოვში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 8 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. 

მისივე ცნობით, ქალაქს ოთხი რაკეტა დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები