რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"პუტინს სჯერა, რომ ომს იგებს" – ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრაზე

კარლ ნეჰამერი

ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის თქმით, პუტინს სჯერა, რომ ომს იგებს. ნეჰამერი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პირველი მეთაურია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს პირისპირ რუსეთში შეხვდა. 

"ვფიქრობ, რომ ის ახლა საკუთარი ომის ლოგიკაშია. მისი აზრით, ომი აუცილებელია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გარანტიებისთვის. არ ენდობა საერთაშორისო საზოგადოებას და უკრაინელებს დონბასის რეგიონში გენოციდში ადანაშაულებს". - აღნიშნა კანცერმა. 

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ნეჰამერმა თქვა, რომ მან ნათლად განუცხადა პრეზიდენტს "მის დამოკიდებულებას, მის შეხედულებას არავინ იზიარებს".

ავსტრიის კანცლერი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში 11 აპრილს შეხვდა. "პესიმისტურად ვარ განწყობილი", - ასე შეაფასა მოსკოვში ვიზიტი კანცლერმა. იგი, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად კიევში ჩავიდა, ასევე ეწვია ბუჩას. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

კომენტარები