რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა

AP Photo/Evgeniy Maloletka

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. კარლ ნეჰამერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 

გამართულ შეხვედრაზე, ავსტრიის კანცლერმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გააგრძელებს იქამდე, სანამ ომი არ დასრულდება.

"სანამ ხალხი იღუპება, იქამდე ყველა სანქცია არასაკმარისია". - თქვა კარლ ნაჰერმა.

ასევე, მისი ცნობით, ავსტრიის საელჩოს თანამშრომლები კიევში დასავლეთ უკრაინიდან დაბრუნდებიან.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბრიტანეთისა და ავსტრიის ლიდერებს შაბათს კიევში ვიზიტისთვის და შემდგომი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიული ქვეყნები ომის შესაჩერებლად გაერთიანდნენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები