რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ავსტრიის კანცლერი: პუტინს ვუთხარი, ომის ყველა დამნაშავეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს

"ეს არ არის მეგობრული ვიზიტი. ახლახანს ჩამოვედი უკრაინიდან და მე საკუთარი თვალებით ვნახე რუსეთის მიერ აგრესიის ომის შედეგად გამოწვეული განუზომელი ტანჯვა". – თქვა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

ნეჰამერი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პირველი მეთაურია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინს პირისპირ შეხვდა. მისი თქმით, საუბარი ძალიან პირდაპირი, ღია და ხისტი იყო. 

"მე ყურადღება გავამახვილე ბუჩასა და სხვა ადგილებში სერიოზულ ომის დანაშაულებზე და ავღნიშნე, რომ ყველა დამნაშავეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მე ასევე გასაგებად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ადგილზე დარჩება და უფრო გამკაცრდება მანამ, სანამ უკრაინაში ხალხი იხოცება". – ამბობს ავსტრიის კანცლერი

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

კომენტარები