რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"თუ უკრაინელებზე ფიქრობს, უნდა გადაწყვიტოს" – დუმის სპიკერმა ზელენსკის 2 პირობა წაუყენა

ვიასეჩლავ ვოლოდინი და ვლადიმერ პუტინი
REUTERS

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორ პირობას უყენებს

მისი თქმით, ზელენსკიმ ყირიმის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, რუსების მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან გაიყვანოს ჯარები და ასევე, უბლოკო სტატუსსა და დენაციფიკაციაზე აიღოს ვალდებულება. 

მისი თქმით, თუ "ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებზე ფიქრობს", მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები.

"პირველი- ჯარების გაყვანა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიიდან. მეორე- კონტრაქტის საფუძველზე დააფიქსირეთ ვალდებულებები ყირიმის აღიარების და უკრაინის არაბლოკური სტატუსის, აგრეთვე ქვეყნის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის შესახებ".- აცხადებს დუმის სპიკერი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

კომენტარები