რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონის თქმით, უახლოეს დღეებში ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, უახლოეს დღეებში დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას მიაწვდის. 

"დღეს შუადღისას ჩემ მეგობარს, ზელენსკის ვესაუბრე და ვაცნობე, რომ უახლოეს დღეებში უკრაინა ბრიტანეთისგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს. დიდ ბრიტანეთს არაფერი არ შეაჩერებს, რომ უკრაინას რუსეთის იერიშისგან თავის დასაცავად საკმარისი რესურსი მისცეს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით".- წერს Facebook-ზე ბრიტანეთის პრემიერმინისტრი. 

დღეს, 16 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ბრიტანეთის მთავრობის უპრეცედენტო მტრული ქმედებების ფონზე" ბორის ჯონსონთან ერთად, რუსეთში შესვლა საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ თრასს, თავდაცვის მდივანს, ბენ უოლასსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის კიდევ 10 წევრს აეკრძალა

9 აპრილს ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ჯონსონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს გადასცემდა. ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მსოფლიო ბანკისგან დამატებით $500 მილიონის საკრედიტო გარანტია მისცა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები