რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვი ბორის ჯონსონსა და ბრიტანეთის სხვა სახელმწიფო პირებს რუსეთში შესვლას უკრძალავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონსა და მთავრობის სხვა წევრებს რუსეთში შესვლა აეკრძალათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბორის ჯონსონთან ერთად, ქვეყანაში შესვლა საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ თრასს, თავდაცვის მდივანს, ბენ უოლასსა და მთავრობის კიდევ 10 წევრს აუკრძალა. 

 "ამ ნაბიჯის გადადგმა ბრიტანეთის მთავრობის უპრეცედენტო მტრული ქმედებების ფონზე გახდა აუცილებელი. კერძოდ, სანქციების დაწესებისა და რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გამო". - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები