რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევზე თავდასხმას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავდა

Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

უკრაინის დედაქალაქ კიევზე საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ისაუბრა.

"ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები ჩვენ დასაცავად ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ მტერი ცბიერი და დაუნდობელია". – თქვა კლიჩკომ.

ქალაქის მერი მოუწოდებს კიევიდან ევაკუირებულ მოსახლეობას, რომ დედაქალაქში დაბრუნებისგან თავი შეიკავონ.

რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევზე მორიგი საჰაერო იერიში 16 აპრილის დილას მიიტანეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები