რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: დილით კიევს ცეცხლი გაუხსნეს

ვიტალი კლიჩკო
Genya Savilov/AFP/Getty Images

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ბრძოლა გაგრძელდა. კიევის მსგავსად ოკუპანტებმა იერიში ქალაქ ლვოვზეც მიიტანეს. გენშტაბის ინფორმაციით შეტევები განხორციელდა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებზე, ასევე რუსეთის სამხედრო ძალები მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"მეგობრებო! დილით კიევს ცეცხლი გაუხსნეს. აფეთქებები ქალაქის გარეუბანში, დარნიცკის რაიონში მოხდა. ადგილზე ამ წუთებში მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. დაზარალებულთა შესახებ  ვცდილობთ ინფორმაციის დაზუსტებას. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას: გთხოვთ საჰაერო განგაშის ხმა უყურადღებოდ არ დატოვოთ. ხოლო კიევის მოქალაქეები, რომლებიც ადრე წავიდნენ და დედაქალაქში აპირებენ დაბრუნებას, გთხოვ, თავი შეიკავეთ და უსაფრთხო ადგილას დარჩით!". - წერს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე.

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. მისივე თქმით, სევეროდონეცკში ამჟამად არც წყალია და არც გაზი.

რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევში ჯავშანტექნიკის ქარხნის საწარმო შენობები და ნიკოლაევში სამხედრო სარემონტო ობიექტები გაანადგურეს. ინფორმაციას Interfax რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები