რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთთან კავშირის მიუხედავად, უკრაინა თურქეთთან თანამშრომლობას აგრძელებს

უკრაინა ომში მეტი მხარდაჭერის მისაღებად თურქეთთან თანამშრომლობას განაგრძობს.

ოფიციალურმა ანკარამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გააკრიტიკა, თუმცა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. 

"ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ თურქეთი შეუერთდება სანქციებს და რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ჩაკეტავს, მაგრამ მოცემული მდგომარეობა გვესმის. კრიტიკის ნაცვლად, თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ და არ მოვითხოვთ იმას, რაც წარმოუდგენელია". - თქვა უკრაინელმა დიპლომატმა.

თურქეთი რუსი სანქცირებული პირებისთვის უსაფრთხო თავშესაფრად იქცა.

დიპლომატის ინფორმაციით, თურქეთში 100 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა. ამასთან ერთად, თურქეთმა მის სრუტეებში რუსეთის გემების მოძრაობა შეზღუდა, რამაც ოდესა დამატებითი თავდასხმებისგან დაიცვა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინასა და რუსეთს ომის შეწყვეტისკენ და მსოფლიო მშვიდობაში წვლილის შეტანისკენ მოუწოდა. ამასთან, ერდოღანმა დაამატა, რომ ოფიციალური ანკარა NATO-ს გაფართოებას არ ეწინააღმდეგება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები