რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანმა უკრაინასა და რუსეთს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინასა და რუსეთს ომის შეწყვეტისკენ და მსოფლიო მშვიდობაში წვლილის შეტანისკენ მოუწოდა. ამასთან, ერდოღანმა დაამატა, რომ ოფიციალური ანკარა NATO-ს გაფართოებას არ ეწინააღმდეგება.

ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ერდოღანმა უპასუხა, რომ თურქეთი, რომელიც ათწლეულებზე მეტია ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს გაფართოებას მხარს დაუჭერს.

ამასთან, ერდოღანმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ ისეთივე სენსიტიურობა გამოიჩინოს თურქეთის განაცხადის მიმართ, როგორიც უკრაინის მიმართ გამოიჩინა. ერდოღანის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები გულწრფელები არ არიან.

"დააყენებთ თუ არა თურქეთს თქვენს დღის წესრიგში, როდესაც ვინმე თავს დაგვესხმება?". - იკითხა ერდოღანმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები