რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ვიცეპრემიერი: რამდენიმე იმპორტიორი რუსული გაზის რუბლში გადახდას დათანხმდა

ალექსანდრ ნოვაკი

რუსეთის ვიცეპრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის თქმით, რამდენიმე რუსული გაზის იმპორტიორი რუბლში გადახდას დათანხმდა.

"ჩვენ ველით თანხმობას სხვა იმპორტიორებისგანაც" - დასძინა ნოვაკმა. თუმცა, იმ მომხმარებლობის ვინაობას, რომლებიც უკვე გადავიდნენ რუბლში გადახდის სისტემაზე, მოსკოვი არ ასაჯაროვებს.

გასული თვიდან, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვას ქვეყნები მხოლოდ რუბლში შეძლებენ. გადახდის სქემის მიხედვით, მყიდველები კონტრაქტის ვალუტაში გადაიხდიან, რომელსაც შემდეგ გაზპრომბანკი ცვლის რუბლებში.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან კერობიანმა RBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მარტის შემდეგ სომხეთმა რუსული ბუნებრივი აირი რამდენჯერმე რუბლში შეისყიდა

ასევე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიჯარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი რუსული გაზის შესყიდვას ევროში გეგმავს, რომელსაც შემდეგ, სქემის მიხედვით, გაზპრომბანკი რუბლში დააკონვერტირებს.

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები