რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უნგრეთი რუსეთისგან გაზს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით შეიძენს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიჯარტოს ცნობით, უნგრეთი რუსული გაზის საფასურის გადახდას ევროში გეგმავს, ხოლო შემდეგ გაზპრომ ბანკის მეშვეობით, მისი კონვერტირება რუბლში მოხდება. 

მთავრობის სქემის მიხედვით, უნგრული ენერგეტიკული ჯგუფის MVM-ის შვილობილი კომპანია, CEE Energy გაზის საფასურს ევროში გადაიხდის, შემდეგ კი, რუსული გაზპრომ ბანკი მას რუბლში გაცვლის. 

"რუბლში გადახდა არის გამოსავალი, რომელიც უნგრეთში გაზის მიწოდებას ისე უზრუნველყოფს, რომ ევროპის მიერ დაწესებულ არცერთ სანქციას არ დაარღვევს". - ამბობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ცოტა ხნით ადრე, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, რუსეთს გაზის საფასური რუბლებში გადაუხადოს.

"ჩვენთვის, უნგრეთისთვის პრობლემა არ იქნება, რომ რუსეთს გაზის საფასური რუბლებში გადავუხადოთ. თუ რუსებს სურთ, რომ ეს თანხა რუბლში გადავიხადოთ, გადავიხდით რუბლში". - თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 6 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, ასევე, პოლონეთმა და სლოვენიამ რუსეთისთვის გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადეს.

კომენტარები