რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს" – მაკრონი ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ

EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები აგრძელებენ მტკიცებულებების შეგროვებას და დამნაშავეთა პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება.

"უკრაინაში საშინელი დანაშაულებია ჩადენილი. ადგილზე ჩვენი ექსპერტები ეხმარებიან უკრაინელ და საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს, რათა შეგროვდეს მტკიცებულება და დადგეს პასუხისმგებლობა. რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე" - წერს Twitter-ზე ემანუელ მაკრონი. 

პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინის მხარდასაჭერად, საფრანგეთის მეხანძრეები და მაშველები აგზავნიან 24 სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანას, ასევე 50 ტონა სასწრაფო დახმარებას, რაც, მაკრონის თქმით, მეორე პაკეტია ერთ თვეში.

სატელეფონო საუბარი, ასევე, შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. 

"ვისაუბრეთ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან. განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული. პატივს ვცემთ საფრანგეთის მხარდაჭერას. მოლაპარაკებების პროცესიც განხილულია. მივილტვით მშვიდობისკენ უკრაინასა და ევროპაში!". - წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი. 

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაზისა და ნავთობის ტარიფებზე საუბრისას, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა.  საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განმარტა, თუ რატომ არ იყენებს ტერმინ "გენოციდს" უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად. მისი თქმით, ეს ომის ესკალაციას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები