ალექსანდრ ლუკაშენკო

ლუკაშენკო: მე და პუტინი დასავლეთს კუზკას დედას ვაჩვენებთ

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო დასავლეთს ემუქრება გამოთქმით, რომელიც ცივი ომის დროს ცკ-ს პირველმა მდივანმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა გამოიყენა.

"მაგათ ვუჩვენებთ [სეირს] მე და პრეზიდენტი პუტინი, როგორც უკვე ვთქვი. მე ვთქვი: მისმინე, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, მე და შენ მაგათ (დასავლეთს) ვუჩვენებთ კუზკას დედას". – თქვა ლუკაშენკომ რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციასა და დასავლეთზე საუბრისას, ვლადივოსტოკში ვიზიტის დროს. 

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი და ბელარუსი გააგრძელებენ ინტეგრაციას "მინსკიდან ვლადივოსტოკამდე". 

გამოთქმა "კუზკას (ან კუზმას) დედის ჩვენება" რუსულ ენაში, ფაქტობრივად, სამაგალითო დასჯას ნიშნავს. ეს გამოთქმა განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ის სსრკ-ს ცკ-ს პირველმა მდივანმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა გამოიყენა.

1959 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა საბჭოთა კავშირში ჩატარებულ ამერიკულ გამოფენაზე აშშ-ს იმდროინდელ ვიცეპრეზიდენტთან, რიჩარდ ნიქსონთან თქვა, რომ სსრკ აშშ-ს დაეწეოდა და გაუსწრებდა და ყველას აჩვენებდა "კუზკას დედას". თარჯიმანს გამოთქმის თარგმნა გაუჭირდა, რამაც გაურკვევლობა გამოიწვია. 

კომენტარები