რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: აშშ უკრაინისთვის იარაღით დახმარების გაზრდას აპირებს, შესაძლოა, Mi-17-ები გადასცენ

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის Mil Mi-17

The Washington Post-ის ცნობით, აშშ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაზრდას გეგმავს. 

აშშ-ს ოფიციალური პირების ინფორმაციით, ახალი პაკეტი, შესაძლოა, $750 მილიონის ღირებულების იყოს. 

ჯერ კიდევ დამუშავებაში მყოფ გეგმებში განიხილება უკრაინისთვის დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების, Humvee-ის ტიპის შეჯავშნული მანქანების, საბჭოთა წარმოების Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენებისა და ჰაუბიცების, ასევე, ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული თავდასხმის საწინააღმდეგოდ სპეციალური დამცავი უნიფორმების გადაცემა. 

თუმცა, WP-ს მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მათთან აშშ-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ახალ პაკეტში საბჭოთა წარმოების ვერტმფრენები არ შევა. ინფორმაცია, Mi-17-ების გადაცემის შესახებ ვერც POLITICO-მ დაადასტურა, თუმცა გარკვეულმა წყაროებმა ამ შესაძლებლობის შესახებ მათთანაც ისაუბრეს.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინას მიეწოდება ახალი ტიპის შეიარაღება, რომლის გამოყენებისთვის მომზადება მოუწევთ. WP-სთან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა ანონიმურად თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამისთვის მზადაა თუ ეს უკრაინის სპეციფიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 

მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ს სათავეშია, ამერიკამ უკრაინას $2.4-მილიარდიანი სამხედრო დახმარება გაუწია. აქედან $1.7-მილიარდიანი დახმარება უკრაინამ მას შემდეგ მიიღო, რაც აქ რუსეთი შეიჭრა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები