რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: მზად არ ვართ, მშვიდობისთვის უკრაინის რომელიმე ნაწილი დავთმოთ

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მზად არ არის მშვიდობისთვის უკრაინის ტერიტორიის რომელიმე ნაწილი დათმოს. ის, ასევე, შეეხო ყირიმის ტერიტორიის აღიარებას და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია. 

"საერთოდ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის დათმობას. ჩვენ უკვე დავთმეთ საკმარისზე მეტი სიცოცხლე. უნდა ვიდგეთ მყარად მანამ, სანამ ეს შეგვიძლია. [...] გვესმის, რომ რუსეთის მხარის მოთხოვნა უკვე დიდი ხანია, არის, რომ აღიარებული იქნას ყირიმის ტერიტორია, როგორც რუსეთის ნაწილი. მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მას არ ვაღიარებ. მათ ასევე სურთ სამხრეთ უკრაინის მითვისება. გვესმის, რომ ეს საკითხები დადგება მოლაპარაკებებზე, თუ ჩატარდება იგი. ჩვენ დასაწყისიდანვე უარი ვთქვით, უკრაინის ტერიტორიის დათმობაზე. ამისთვის რომ მზად ვყოფილიყავით, ომიც არ მოხდებოდა". - თქვა პრეზიდენტმა CBS-თან ინტერვიუში.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის გამარჯვება იქნება, როცა ლტოლვილები შეძლებენ საკუთარ სამშობლოს დაუბრუნდნენ და უკრაინაში არ დარჩება რუსეთის არც ერთი ჯარისკაცი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმედიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები