რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი NATO-ს: დიპლომატიით შედეგს ვერ იღებ, ეს არის ალიანსი, რომელსაც თქვენ აშენებდით?

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი CBS-თან ინტერვიუში აღნიშავს, რომ მიუხედავად NATO-ს მისამართით გაკეთებული მოწოდებებისა, ქმედებები დაგვიანებულია და უკრაინა აღარ არის დაინტერესებული მათი დიპლომატიით.

"როცა დიპლომატიის ენით მუშაობ, შედეგებს ვერ იღებ. ეს ყველაფერი ძალიან ბიუროკრატიულია. შესაბამისად, საუბრის ეს ფორმა, აბსოლუტურად გამართლებულია. უკრაინას აღარ აქვს მეტი სიცოცხლის დაკარგვის საშუალება. მე აღარ მაინტერესებს მათი დიპლომატია, რომელიც ჩემი ქვეყნის განადგურებას იწვევს". - თქვა ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აქამდე სამხედრო ალიანსმა მხოლოდ 50 ტონა დიზელის საწვავის გადატანა მოახერხა უკრაინაში. მისი თქმით, NATO-ს სისუსტესა და შიდაგანხეთქილებას უკრაინაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

"ეს არის ალიანსი, რომელსაც თქვენ აშენებდით?" - უკრაინის პრეზიდენტი NATO-ს მიმართავს.

გუშინ, 10 აპრილს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი The Telegraph-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სამხედრო ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ "გაძლიერებისთვის" ემზადება, რომელიც NATO-ს ფუნდამენტურ "გადატვირთვად" იქცევა. გადატვირთვის ფონზე, NATO საზღვარზე მუდმივი სამხედრო ძალების განთავსებას გეგმავს. იენს სტოლტენბერგი მეორე ვადით, კიდევ ერთ წელს დარჩება გენერალური მდივნის პოზიციაზე, რათა თვალი ადევნოს ამ ტრანსფორმაციას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები