რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ეროვნული წინააღმდეგობის გატეხვის მიზნით რუსეთი კიდევ ერთ შეტევას ამზადებს

ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Government/Facebook

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტს მიმართა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი თავდასხმის წამოსაწყებად შეიარაღებული ძალების მობილიზებას ახდენს.

"ქვეყნის ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ყველა იმ რაიონში, სადამდეც რუსული ჭურვები და ბომბები აღწევდნენ, ნანგრევების გაწმენდა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენი ტერიტორიის ნაწილზე აქტიური საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება. რუსეთი კიდევ ერთ შეტევას ამზადებს, ჩვენი ეროვნული წინააღმდეგობის გატეხვის იმედით. ოკუპანტებმა ათიათასობით კარისკაცი და უზარმაზარი რაოდენობის ტექნიკის კონცენტრირება მოახდინეს, რათა ახალი დარტყმის მიყენებას შეეცადონ". – თქვა ზელენსკიმ

"მათი გეგმის შემდეგი ნაბიჯები სხვა სახელმწიფოების განადგურება და მეზობელი ერების დაპყრობაა". – დაამატა მან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
 

კომენტარები