რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: ზელენსკი პუტინს დიდ ბრძოლებში, მათ შორის, დონბასში გამარჯვების შემდეგ შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმირ პუტინს დიდ ბრძოლებში, მათ შორის დონბასში გამარჯვების შემდეგ შეხვდება

"მარტივია იმის თქმა, რომ 1-2 კვირაში პრეზიდენტების დონეზე შევხვდებით - არა, ეს მოხდება შემდეგი გზით: უკრაინა უკვე მზად არის დიდი ბრძოლებისთვის, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ბრძოლები, მათ შორის დონბასში, რის შემდეგაც უკრაინას მოლაპარაკებებში ექნება უფრო არსებითი პოზიცია, რომლის მიხედვითაც მას შეეძლება გარკვეული პირობების წაყენება. ამის შემდეგ პრეზიდენტები შეხვდებიან. ამას შეიძლება ორი კვირა დასჭირდეს, შესაძლოა სამი".- ამბობს პოდოლიაკი. 

მისივე თქმით, რუსეთს ჯერ ბოლომდე გააზრებული არ აქვს, რომ უკრაინას აუცილებლად თანაბარ პირობებში უნდა ესაუბროს და მას უსმინოს. პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა ძალიან ძვირს იხდის გამარჯვებისთვის, ყოველდღიურად კარგავს ხალხს და ინფრასტრუქტურას.

"ყველამ გაიგოს, რომ რუსეთმა უნდა მოიშოროს თავისი იმპერიული ილუზიები და უკრაინა ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელიც ამას გააკეთებინებს. რა დრო დაგვჭირდება ამისთვის, უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მივიღოთ ძლიერი გარანტიები უკრაინის უსაფრთხოებისთვის, რათა სამუდამოდ დავუკეტოთ ჩვენი საზღვრები რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქვეყნების იმპერიულ ამბიციებს".- ამბობს მიხაილო პოდოლიაკი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები