რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მკაფიო გეგმით ვბრუნდები, ამ ომს ბრძოლის ველზე მოიგებენ" – ბორელი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ

Josep Borrell Fontelles / Twitter

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და უკრაინის მხარდასაჭერად ახალ ნაბიჯებზე საუბრობს.

"ვბრუნდები მკაფიო გეგმით:

  • ამ ომს ბრძოლის ველზე მოიგებენ. დამატებით €500 მილიონი ევროპის სამშვიდობო ფონდიდან უკვე გზაშია. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული.
  • ომის დანაშაულები: კრამატორსკში რუსეთის სასტიკი თავდასხმა დაუცველი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ კვლავ აჩვენებს კრემლის სრულ უპატივცემულობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ეს მხოლოდ გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ხვალ შეხვედრა გაიმართება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, რომ განვიხილოთ მორგებული მხარდაჭერა, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან.
  • ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლის ზრდა რუსეთზე. უკვე დავაწესეთ მასშტაბური სანქციები, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს ენერგეტიკის სექტორში, ნავთობის ჩათვლით.

ორშაბათს მე ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, რათა შემდეგი ნაბიჯები განვიხილოთ". – წერს ბორელი Twitter-ზე.

ჯოზეფ ბორელი კიევში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან ერთად იმყოფებოდა და უკრაინის მთავრობას შეხვდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები