უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Bild-თან ინტერვიუში ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოკოლაჟს გამოეხმაურა, სადაც ზელენსკის პირველი ფოტო უკრაინაში ომის დაწყებამდეა გადაღებული, მეორე კი - ბუჩაში, ომის დაწყებიდან 41-ე დღეს. ზელენსკის თქმით, "ეს ორი სხვადასხვა ადამიანია" და არაა დარწმუნებული, რომ შეძლებს დაუბრუნდეს პირველს.
"ცვლილებები ქვეყნისთვის სასარგებლოა. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ დავუბრუნდები ამ ადამიანს". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, რას ხედავს ღამით, დაძინებამდე. ზელენსკის განმარტებით, მას არც კი ახსოვს ბოლოს როდის ეძინა ნორმალურად.
"ვერაფერს ვხედავ. ძილი ძალიან მიჭირს. ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის მეძინა ნორმალურად". - აღნიშნა პრეზიდენტმა.
რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





