რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინელი ლტოლვილებისთვის €2 მილიარდის დახმარებას გამოყოფს

Andre Luis Alves/Anadolu Agency/Getty Images

გერმანია უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად €2 მილიარდს გამოყოფს. ეს თანხა მათი საცხოვრებლის, ჯანდაცვის, სწავლისა და სხვა სახით უზრუნველყოფას მოხმარდება. 

გერმანიამ ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, 9 აპრილამდე, 320 000 უკრაინელი შეიფარა.

მემარცხენე პარტიის დეპუტატმა, დიტმარ ბარტჩმა რუსი ოლიგარქების სიმდიდრის ჩამორთმევის მიმართულებით მთავრობას მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ეს ქვეყანას ლტოლვილთა შემოდინების ხარჯების დაფარვაში დაეხმარება. 

"მათ, ვინც მხარს უჭერენ პუტინის რეჟიმს, გერმანიაში ლტოლვილების მასპინძლობის საფასური უნდა გადაიხადონ". - ამბობს დიტმარ ბარტჩი Rheinischen Post-თან ინტერვიუში.

ასევე, გერმანიის მთავრობამ სესხების და სხვა ფინანსური დახმარების პაკეტები გამოაქვეყნა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაწესებულმა სანქციებმა დააზარალა.

პაკეტი მოიცავს $100 მილიარდი დოლარის სესხებს გერმანიის ენერგეტიკული ინდუსტრიის მიერ აღებული საკრედიტო რისკების დასაფარად, რადგან ქვეყანა რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტის შემცირებას ცდილობს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა თქვა, რომ პაკეტი საჭიროა, რადგან არსებობენ კომპანიები, რომლებიც მთავრობის დახმარების გარეშე ამ კრიზისს ვერ გადაურჩებიან.

"სიმართლე ის არის, რომ არ არსებობს სანქცია, რომელსაც ამ ქვეყანაში ეკონომიკური გავლენა არ ექნება". - ამბობს რობერტ ჰაბეკი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები