ფინეთი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: განვიხილავთ NATO-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს

პეკკა ჰაავისტო

ფინეთის პარლამენტი უახლოეს დღეებში NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ NATO-ს მინისტერიალის დაწყების წინ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკკა ჰაავისტომ ისაუბრა.

"ფინეთში ამჟამად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქტიური დებატები მიმდინარეობს. მთავრობა პარლამენტისთვის ამზადებს ტქენიკურ დოკუმენტს, რომელიც შეეხება უსაფრთხოებასა და თავდაცვას. პარლამენტი აქტიურად განიხილავს სხვადასხვა შესაძლებლობებს, ფინეთისთვის NATO-ს შესაძლო წევრობის ჩათვლით". – თქვა ჰაავისტომ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთის მოსახლეობის უმრავლესობა პირველად თანხმდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. 

"პირველ რიგში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ [ფინეთში] ზოგადი მოსაზრება [NATO-ში გაწევრიანებაზე] დიდი სისწრაფით შეიცვალა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. 3-4 კვირაში ფინეთის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად დაუჭირა მხარი NATO-ში გაწევრიანებას". – აღნიშნა ჰაავისტომ. 

მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე, ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა თქვა, რომ "ფინეთი მზადაა გააკეთოს განაცხადი NATO-ში შესვლაზე, თუ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი მწვავედ დადგება".

2022 წლის დასაწყისში, რუსეთი-უკრაინის საზღვრებზე არსებული დაძაბულობის პარალელურად, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ საახალწლო მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა მისი ქვეყნის თავისუფალ არჩევნად რჩება.

"დაე კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი: ფინეთის მოქმედებისა და არჩევნის თავისუფლება მოიცავს NATO-სთან სამხედრო კავშირის შექმნასა და გაწევრიანების მოთხოვნასაც, თუ ჩვენ ასე გადავწყვეტთ", – თქვა საული ნიინისტემ.

პრეზიდენტის სიტყვა საკუთარ მიმართვაში განავრცო ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა. 

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ წარსულით ვისწავლეთ. უარს არ ვიტყვით მოქმედების თავისუფლებაზე", – თქვა მარინმა და დაამატა, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი საგარეო პოლიტიკის არჩევის უფლება აქვს.

აქამდე, 2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებდა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან, "ამას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება".

კომენტარები