რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთის საგარეო: აშშ–ს პალატის სპიკერის ტაივანში ჩასვლას მკაცრი ზომებით ვუპასუხებთ

ნენსი პელოსი
Reuters

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავა, ამას პეკინი "მკაცრი ზომებით" უპასუხებს.

მედიის ინფორმაციით, ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში ამ კვირაში იყო დაგეგმილი, თუმცა მას 7 აპრილს Covid-19 დაუდასტურდა. ტაივანის მთავრობა და პელოსის ოფისი ინფორმაციას შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით არ ადასტურებენ.

"თუ შეერთებული შტატები თავისის გატანას შეეცდება, ჩინეთი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მკაცრ ზომებს მიიღებს. ამისგან წარმოქმნილ შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობა კი აშშ-ის მხარეს დაეკისრება". - ამბობს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ჭაო ლიძიენი.

ჩინეთი ტაივანის ტერიტორიას საკუთრად მიიჩნევს, რის გამოც ეს საკითხი პეკინსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოების მუდმივი წყაროა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კუნძულს აშშ-ის ძლიერი სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. 

ბოლოს ტაივანს აშშ-ის პალატის სპიკერი 1997 წელს ეწვია.

2022 წლის მარტში, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ინიციატივით, აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების დელეგაცია ტაივანს ეწვია, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ერთგვარი გვერდში დგომის დემონსტრირება იყო. ამ გარემოებების გათვალისწინებით, უცხოელი ანალიტიკოსები პეკინის მიერ ტაივანზე სამხედრო გზით კონტროლის დამყარების საშიშროებაზე საუბრობენ.

კომენტარები