რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი პუტინის ქალიშვილებს სანქციებს უწესებს

დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ქალიშვილები დაამატა.

სანქცირებულთა განახლებული სიის თანახმად, ფინანსური შეზღუდვები დაუწესდებათ პუტინის სრულწლოვან შვილებს - კატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვას, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილს სერგეევნა ვინოკუროვას. 

მანამდე, პუტინის შვილებსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლსა და შვილს სანქციები ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადო. სანქციების ახალი ტალღა, რომლის მიზანიც რუსეთსა და პუტინზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის ფოტოების გავრცელებას მოჰყვა.

5 აპრილს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა აღნიშნა, რომ კოორდინირებულმა საერთაშორისო სანქციებმა რუსეთს სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყოფილი რესურსების 60% გაუყინა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები