რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: უკრაინამ მოლაპარაკებების ახალ პროექტში მნიშვნელოვანი დებულებებიდან გადაუხვია

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებების ჯგუფს შეთანხმების ახალი პროექტი წარუდგინა, სადაც 29 მარტს სტამბოლში შეთანხმებული ყველაზე მნიშვნელოვანი დებულებებიდან "გადახვევაა".

ლავროვის თქმით, უკრაინამ შეცვალა წვრთნების ჩატარების დებულება და აღარ ახსენებს, რომ ამისთვის რუსეთის ხელისუფლების თანხმობაა აუცილებელი. მისი თქმით, სტამბოლის დოკუმენტში ცალსახად წერია, რომ "ნეიტრალური, არაბლოკური, არაბირთვული სტატუსის ფარგლებში, ნებისმიერი სამხედრო წვრთნები უცხოური კონტიგენტის მონაწილეობით ტარდება მხოლოდ გარანტორი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის თანხმობით".

"ასეთი შეუსაბამობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კიევის რეალურ ზრახვებს, რითაც აჭიანურებს და ძირს უთხრის მოლაპარაკებებს. კიევი კონტროლდება ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ, რომლებიც უბიძგებენ პრეზიდენტ ზელენსკის, გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები. მიუხედავად ყველა პროვოკაციისა, რუსეთის დელეგაცია გააგრძელებს მოლაპარაკების პროცესს და წინ წამოწევს ჩვენი შეთანხმების პროექტს, რომელშიც მკაფიოდ და სრულად არის ჩამოყალიბებული ყველა ჩვენი თავდაპირველი, ძირითადი პოზიცია და მოთხოვნა". - თქვა ლავროვმა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები