რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი რუსეთის უმსხვილეს ბანკს, Sberbank-ს აქტივებს გაუყინავს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღდეგ მორიგ სანქციებს აწესებს. სანქცირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank მოხვდა, რომელსაც აქტივები სრულად გაეყინება.

სანქციებს, რომელიც წლის ბოლომდე რუსული რკინისა და ფოლადის პროდუქტების იმპორტის აკრძალვასა და რუსეთში ახალი გარე ინვესტიციების პირდაპირ შეზღუდვას მოიცავს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა "ყველაზე მკაცრი სანქციები" უწოდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში უცხოური ინვესტიციების წილი 2020 წელს 11 მილიარდ ფუნტს შეადგენდა.

ამასთან, სანქციები დაეკისრა რუსეთის ძირითად ინდუსტრიებთან კავშირში მყოფ კიდევ 8 პირს, მათ შორის გაზპრომბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეი აკიმოვსა და გაზის კომპანია Novatek-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ლეონიდ მიხელსონს.

პარალელურად, ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებსა და რუსული ელიტის წევრებს ახალი სანქციები დაადო. სანქცირებულ პირთა შორის პუტინის ორი შვილი, მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა მოხვდნენ. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები