რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბოროდიანკაში 200-მდე ადამიანს ვერ პოულობენ

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბოროდიანკაში 200-მდე ადამიანს ვერ პოულობენ. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის, გეორგი იერკოს ცნობით, 200-მდე ადამიანი ნანგრევების ქვეშ დაკარგული და დაღუპულია.

"ვფიქრობთ, 200-მდე ადამიანია გარდაცვლილი, მაგრამ ეს ვარაუდია". - თქვა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

ქალაქი მდებარეობს დედაქალაქისკენ მიმავალ მთავარ გზაზე. ის პირველი დასახლება იყო, რომელიც რუსეთმა დაბომბა.

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა კონტროლი ეტაპობრივად დაიბრუნეს. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. ბუჩიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ქუჩებში დახოცეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების ქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები