რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Twitter მომხმარებელს რუსეთის სამთავრობო ანგარიშებს აღარ ურჩევს, შლის პოსტებს ტყვეებზე

Twitter რეკომენდაციას აღარ გაუწევს რუსეთის სამთავრობო ანგარიშებს. Twitter-ის ახალი წესი ეხება იმ მთავრობებს, რომლებიც ჩართულნი არიან სამხედრო კონფლიქტში და ინტერნეტთან წვდომას უზღუდავენ საკუთარ მოქალაქეებს. 

ახალი წესის მიხედვით, რუსული სამთავრობო მედიის ანგარიშები არ გამოჩნდება მომხმარებლის კედელზე, არც ძიებისას ან "აღმოჩენის" ფუნქციის გამოყენებისას. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ეს დააზარალებს რუსეთის მთავრობის 300-ზე მეტ ანგარიშს.

"როდესაც მთავრობა საკუთარ ქვეყანაში ბლოკავს ან ზღუდავს წვდომას ონლაინ სერვისებზე, ამცირებს საზოგადოების ხმასა და ინფორმაციის თავისუფლად წვდომის უნარს, მაგრამ თავად აგრძელებს ონლაინ სერვისების გამოყენებას საკუთარი კომუნიკაციისთვის, იქმნება სერიოზული ინფორმაციის დისბალანსი". - განმარტა კომპანიამ.

ამასთანავე, სოციალურ ქსელში წაიშლება სამხედრო ტყვეების ამსახველი ის პოსტები, რომლებსაც მთავრობის ან მასთან დაკავშირებული მედიის ანგარიშები აქვეყნებენ. ომის დაწყებიდან, Twitter-ზე აქტიურად ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც რუსი სამხედრო ტყვეები პასუხობდნენ კითხვებს, რეკავდნენ სამშობლოში. წესის ცვლილების შემდეგ, მსგავსი ვიდეოები გამაფრთხილებელი ნიშნით გამოჩნდება. 

კომენტარები